“ტორპედომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

0

ზამთრის არდადეგების შემდეგ ქუთაისის “ტორპედო“  პირველად შეიკრიბა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე და ახალი სეზონისათვის მზადებასაც შეუდგა.
როგორც ცნობილია, საქართველოს 2016 წლის თასის მფლობელის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გუნდის დატოვება 11 ფეხბურთელს მოუწია. რაც შეეხება შევსებას, ამ დროისათვის „ტორპედოს“ ოფიციალურად 5 ფეხბურთელი შეუერთდა. მათი ვინაობაც ცნობილია – მცველი გურამ ადამაძე, ნახევარმცველები გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, მერაბ გიგაური და შემტევი ნიკოლოზ საბანაძე. გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესში რამდენიმე მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, რომელთა „ტორპედოში“ საბოლოოდ დარჩენა-არდარჩენის საკითხს სამწვრთნელო შტაბი კლუბის ინტერესებიდან და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყვეტს.
სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა უცვლელია.. კახა ჩხეტიანს კვლავინდებურად მიხეილ აშვეთია, ვასილ გიგიაძე, დავით მამარდაშვილი და მილოვან მატიასევიჩი დაეხმარებიან.
უახლოეს ხანს ტორპედოელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანმა განცხადებით, ქალაქის მერია დღე-დღეზე გამოაცხადებს აუქციონს. ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა კვლავ დაინტერესებულია გუნდის შეძენით და ეს პროცესი დადებითად უნდა გადაწყდეს. ამ შემთხვევაში “ტორპედოს“ მეტად გაძლიერების შესაძლებლობა გაჩნდება. გუნდის ამოცანა მომავალ ჩემპიონატში მხოლოდ მაღალი ადგილებისათვის ბრძოლა იქნება. ზაფხულში „ტორპედოს“ საპასუხისმგებლო თამაშები ევროპის ლიგაზეც ელოდება.
გუნდი თავიდან წვრთნას ადგილზე გაივლის. ბაზის ბუნებრივსაფარიანი მოედნის სათანადო კონდიციაში მოყვანამდე ხელოვნურსაფარიან მოედანზე ივარჯიშებს და მთავარ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დაუთმობს. ამ პერიოდში დაგეგმილია ოთხი საკონტროლო მატჩის გამართვა, სავარაუდოდ, 25 და 28 იანვარს და 1 და 4 თებერვალს.
7 თებერვალს გუნდი ორკვირიან თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. „ტორპედო“ ანტალიაში გააგრძელებს წვრთნას, თანაც ინტენსიურ სათამაშო გრაფიკში. საკონტროლოო შეხვედრები 10,13,16,18 და 20 თებერვალსაა დაგეგმილი, მეტოქეთა ვინაობა კი უახლოეს პერიოდში დადგინდება.
1 მარტს ტორპედოელები სუპერთასისათვის “სამტრედიას“ გაეჯიბრებიან. მალევე ეროვნული ჩემპიონატიც აიღებს სტარტს.
უახლოესი ოფიციალური ტურნირი კი ტორპედოელებისათვის, როგორც იცით, სფფ-ს მიერ თბილისში, 13-15 იანვარს ორგანიზებული „ზამთრის თასი“ იქნება. დარბაზის ფეხბურთის სათამაშოდ გუნდი 12 ფეხბურთელით გაემგზავრება.

 

FCTORPEDO.GE

Share.

About Author