შენგელიამ “ბასკონიას” ევროლიგის მორიგი მატჩი მოაგებინა

0

თორნიკე შენგელიამ „ბასკონიაში“ ისევ გაიბრწყინა და თავის გუნდს ევროლიგის მორიგი მატჩი მოაგებინა. ქართველი ფორვარდი ყაზანში, „უნიკსთან“ გამართული მატჩის მთავარი მოქმედი პერსონა იყო და ბასკურმა გუნდმა რომ 92:91 იმარჯვა, უპირველესად მისი დამსახურებაა. დაძაბული მატჩის ბოლო 3 წუთში თორნიკემ 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

საერთო ჯამში, ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 24:05 წუთში დაჰყო და 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და რაც ყველაზე საინტერესოა, 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
ქართველმა ფორვარდმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რითაც ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ლარკინს (26) ჩამორჩა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 28:53 წუთში 22 ქულა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესონი უკანახაზელები იყვნენ. ლენგფორდმა 34:46 წუთში 28 ქულა და 5 პასი მიითვალა, ხოლო კოლომმა 29:54 წუთში 8-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 23 ქულას 6 შედეგიანი პასი დაუმატა.

“ბასკონიამ” ევროლიგის მე-12 ტურში მე-8 გამარჯვება იზეიმა და სხვა მატჩების დასრულებამდე, მადრიდის “რეალთან” და სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს, შინ, ესპანურსავე “ბარსელონასთან” ჩაატარებს.

GBF.Ge

Share.

About Author