ლეგენდარული ენდი მარი (+ვიდეო)

0

2016 წლის ნოემბერი საჩოგბურთო თვალსაზრისით ისტორიული გამოდგა. ჩოგბურთის ისტორიაში პირველად რეიტინგის პირველ ადგილზე ბრიტანელი მოთამაშე მოექცა. ეს მოთამაშე ენდრიუ ბარონ მარი, ანუ ენდი მარია.

ენდი 1987 წლის 15 მაისს გლაზგოში, ჯუდი და უილიამ მარის ოჯახში დაიბადა. ენდის დაბადებიდან ჰქონდა მუხლზე პრობლემა, რომელიც 16 წლის ასაკში გამოააშკარავდა. ამ პრობლემის გამო მას რამდენიმე წელი გაუცდა. პირველად ენდიმ ჩოგანი ხელში 3 წლის ასაკში აიღო . მას დედამისი, ჯუდი მარი ბავშვობიდანვე ავარჯიშებდა. 1999 წელს 12 წლის ასაკში ენდიმ „ნარინჯისფერი თასი“ მოიგო. ეს ტურნირი მის ასაკში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. ბრიტანელმა 2 წლის შემდეგაც მოახერხა ამ ტურნირის მოგება.

15 წლის ასაკში ენდის შოტლანდიურმა საფეხბურთო კლუბმა, „რეინჯერსმა“ საკუთარ გუნდში ვარჯიში შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ენდის ბაბუა ფეხბურთელი იყო და თავად ენდისაც უყვარდა სპორტის ეს სახეობა, მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ენდიმ ბავშვობიდან იცოდა, რომ ჩოგბურთელი უნდა ყოფილიყო. არავინ არ იცის რა მოხდებოდა მას ფეხბურთელობა რომ გადაეწყვიტა, მაგრამ ფაქტია, მსოფლიო ჩოგბურთი უდიდეს მოთამაშეს დაკარგავდა.

ენდის პროფესიონალური კარიერა 2005 წლიდან დაიწყო. ამავე წლის აპრილში ბრიტანელმა „ATP-ის“ ტურნირში მონაწილეობა პირველად მიიღო. მას ბარსელონაში გასამართი შეჯიბრის „ველური ბარათი“ მიენიჭა. „ველური ბარათი“ ეს არის ერთგვარი შანსი, რომელსაც ტურნირის ორგანიზატორები აძლევენ რამდენიმე მოთამაშეს, რომლებიც ვერ მოხვდნენ გათამაშების ძირითად ბადეში და ორგანიზატორთა აზრით, ამას იმსახურებდნენ. პირველ შეხვედრაში 18 წლის ბრიტანელი ჩეხ, იან ჰერნიხს დაუპირისპირდა. მიუხედავად მარცხისა, ამ შეხვედრას ენდი ყოველთვის კარგად იხსენებს :

„ როდესაც პირველად „ATP-ის“ ტურნირში მივიღე მონაწილეობა, უბედნიერესი ვიყავი. მახსოვს პირველი სეტის მოგების შემდეგ ვიგრძენი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ 2 სეტი წავაგე და ძალიან გაცხარებული ვიყავი. ჩემს თავს შეცდომებებს ვერ ვპატიობდი. ჩემთან ჩემი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა :

„ ენდი დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. ჩანაწერს ვუყუროთ და შეცდომები ერთად გავაანალიზოთ. “ ამის შემდეგ ვცდილობდი ყველა ჩანაწერისთვის მეყურებინა და შეცდომებზე მესწავლა. “

ამ ტურნირიდან რამდენიმე თვეში ენდიმ პირველი გამარჯვებაც იზეიმა. ლონდონში გასამართ შეჯიბრში მონაწილეობა ენდიმ ისევ „ველური ბარათის“ საშუალებით მოახერხა. მისი მეტოქე პირველ ეტაპზე ესპანელი, სანტიაგო ვენტურა იყო. ბრიტანელმა ესპანელი მეტოქე იოლად დაამარცხა. მეორე ეტაპზე ენდის მეტოქე იმ დროს 30-ე ჩოგანი, ტეილორ დენტი იყო. ყველასთვის მოულოდნელად, ენდიმ ეს საფეხურიც გაიარა და შემდგომ ეტაპზე ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულ ტომას იოჰანსონთან დამარცხდა.

2005 წელი ენდისთვის წარმატებული გამოდგა. მან ბოლო 100 წლის განმავლობაში „ATP-ის“ რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა. ბრიტანელმა წელი 407-ე ადგილზე დაიწყო და 64-ე ადგილზე დაასრულა. ის გახდა ბასტერ მოტრამის(1974წ) შემდეგ პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც წელი ასეულში დაასრულა. ის გახდა მე-2 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ასეულში მოხვდა. პირველი სერბი, ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო.

„ATP-ის“ ტურნირების მოგება ენდიმ 2006 წლიდან დაიწყო. სან ხოსეში გამართულ შეჯიბრში 18 წლის ბრიტანელმა ერთმანეთის მიყოლებით მარდი ფიში, ჯიმი ვონგი და რობინ სოდერლინგი დაამარცხა. ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებაში მან ჩოგბურთის ლეგენდებს სძლია. ენდიმ ჯერ იმდროინდელ მე-3 ჩოგანს, ენდი როდიკს მოუგო. შემდეგ – კი ლეგენდარული ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუტი დაამარცხა.

ამავე წელს ენდიმ დიდი სლემის ოთხივე ტურნირში (ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა) მიიღო მონაწილეობა. 2006 წელი მან მე-17 პოზიციაზე დაასრულა. სწორედ ამ წელს მან ცინცინატის ტურნირში ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და შვეიცარიელის 55-თამაშიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

2007 წელს ენდიმ 2 ტურნირის მოგება მოახერხა. საბოლოოდ, 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ბრიტანელმა 20 ტურნირის მოგება შეძლო.

2012 წელი ენდისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. მან ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის ჯოსი რიჩის (1908წ) მერე გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოგება მოახერხა. ნახევარფინალში ბრიტანელმა ნოვაკ ჯოკოვიჩი – ფინალში კი როჯერ ფედერერი დაამარცხა.

„ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. კარიერაში ბევრჯერ დავმარცხდი და საბოლოოდ, სწორედ წაგებებისგან ვისწავლე ყველაფერი. ეს იყო საუკეთესო საშუალება, რათა მე უიმბლდონში წაგებული ფინალი დამევიწყებინა. “ – ენდი მარი

ოლიმპიადამდე რამდენიმე კვირით ადრე ენდის პირველად შეეძლო უიმბლდონის მოგება, მაგრამ ბრიტანელი ფინალში როჯერ ფედერერმა დაამარცხა. ამავე წელს მან კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი (ავსტრალიის ღია პირველობა).

2013 წელს ენდიმ ბრიტანეთისთვის სანატრელი უიმბლდონის ტურნირიც მოიგო. ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, ის გახდა 1936 წლის მერე პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ამ პრესტიჟული ტურნირის მოგება შეძლო.

ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ენდისთვის 2016 წელი იყო. ბრიტანელმა ამ წელს 9 ტურნირის მოგება მოახერხა. ენდიმ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოლიმპიადის ოქროს მედალი და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო. მან მეორედ მოახერხა უიმბლდონის მოგება. ის გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელიც როლან გაროსის ფინალში იყო.

და ბოლოს, 2016 წლის 7 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ჩოგბურთის ისტორიაში პირველად რეიტინგის პირველი ნომერი ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდა. წინ წლის უკანასკნელი, შემაჯამებელი ტურნირი იყო. შეჯიბრში რეიტინგის პირველმა 8 ჩობურთელმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს რეიტინგის მე-2 ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ახალი პირველი ნომერი, ენდი მარი დაუპირისპირდა. შეხვედრას ინტრიგა ნამდვილად არ აკლდა. გამარჯვებული 2016 წელს პირველ ადგილზე დაასრულებდა. ენდის 1 ნაბიჯი აკლდა ისტორიის დაწერამდე. მატჩს მსოფლიოს მასშტაბით 111.000.000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. საბოლოოდ, ენდიმ ისტორია დაწერა. მან კარიერაში მე-11 და ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო ნოვაკ ჯოკოვიჩს და 2016 წელი პირველ ადგილზე დაასრულა. მატჩის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ენდი მარიზე ისაუბრა :

„ რასაც მან მიაღწია, უბრალოდ შესანიშნავია. ახლა ის უნდა დატკბეს ამ მომენტით. ამიტომ ნუ დაუსვამთ მას შეკითხვებს მომავალ სეზონზე. ენდიმ ეს ყველაფერი დაიმსახურა. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. “

ენდი მარიმ 29 წლის ასაკში 43 ტურნირის მოგება მოახერხა. მან თავის 11-წლიან კარიერაში შეძლო და ყველა დროის საუკეთესო ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდა.

Share.

About Author